ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს გახურებული თამაშისას სხეულის დაზიანებას, რომელსაც შინაგანი სიმხურვალისა თუ აფექტის გამო ვერ გრძნობ, მანამ სანამ სისხლს დაინახავ. მხოლოდ ამის შემდეგ ხვდები - რა დაგემართა და რამდენად საშიშია ჭრილობა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტი ვიხილეთ - ანუ ამ გაგებით სისხლი დავინახეთ. თუმცა იმ ჭრილობის ზომისა და სიმძიმის გარკვევას, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ 8-წლიანი მმართველობის შედეგად მიიღო, კიდევ კარგა ხანი დასჭირდება..დავბრუნდით საბჭოთა საქართველოში, უბრალოდ იმ გასხვავებით, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მხოლოდ ერთპარტიული კი არა, ერთი კაცის ორგანოა: ბიძინა ივანიშვილის პარლამენტი.
დარბაზში მსხდომ ოცნების 86 დეპუტატს სახე არ უჩანდა. არამხოლოდ იმიტომ, რომ მათ პირბადეები ეკეთათ, უფრო იმიტომაც, რომ მათ ინდივიდუალური პოლიტიკური სახე არ აქვთ. მათი სახეც, გულიც, სულიც და მოტივაციაც, არა პარტიას და თუნდაც უტოპიურ იდეალებს, როგორც ადრეული ბოლშევიზმის ეპოქაში, არამედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. ქალბატონმა პრეზიდენტმა კი პირდაპირ ტრიბუნიდან გვახარა, რომ დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე საბოლოოდ დავამარცხეთ კომუნიზმი-ო. რა კომუნიზმი დავამარცხეთ? განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ საპარლამენტო დარბაზში ჯერ კიდევ არ ეკიდა ბიძინა ივანიშვილის გადიდებული სურათი და არ ჟღერდა საბჭოთა საქართველოს ჰიმნი. დავიღალეთო განაცხადა პრეზიდენტმა. ხალხი დაიღალა ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩის ოპოზიციით, ორპოლუსიანი პოლიტიკით, განადგურებული ინსტიტუტებით, გაუთავებელი ლანძღვა-გინებითა და შეურაცხყოფით და კიდევ უამრავი სხვა რამით. კი ბატონო, მაგრამ ამ დაღლილმა ხალხმა არ აირჩია ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს, სწორედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დაესრულებინა? დაესრულებინა არჩევნების გაყალბება, ოპოზიციის მარგინალიზაცია, პოლარიზებული და გლადიატორების სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ველად ქცეული პოლიტიკა; დამონებული ინსტიტუტები; ვითარება, სადაც ერთ კაცს შეუძლია ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედის დრამატულად შეცვლა. ივანიშვილი არ შეჰპირდა ყველას, რომ შეცვლიდა პოლიტიკურ კულტურას და გააოცებდა ევროპას ქართული დემოკრატიით? გაოცებით კი ნამდვილად ყველა გააოცა.
პრეზიდენტის თქმით, "ხილული ბორკილებისგან გათავისუფლებული ქვეყანა", თავად ივანიშვილმა ჯერ უხილავ, შემდეგ უკვე კარგად შესამჩნევ არტახებში მოამწყვდია, საბოლოოდ კი ერთი კაცის კოლონიად აქცია. დღეს ოპოზიცია ერთიანია და პარლამენტს მიღმა აგრძელებს ბრძოლას, დასავლელი პარტნიორები კი კვლავ მოლაპარაკების მეშვეობით საკანონმდებლო ორგანოსკენ ექაჩებიან პოლიტიკურ ძალებს. ყველა კეთილის მსურველს კარგად ესმის, რომ საქართველო დემოკრატიის გარეშე იგივე იქნება, რაც აზერბაიჯანი ნავთობის გარეშე. და, თუ ოპოზიციამ პრინციპულობა შეინარჩუნა - რიგგარეშე არჩევნებს ალტერნატივა არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი კაცის საქართველო, ერთი კაცის პარლამენტითა და იმ ერთ კაცს დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუტით, ადრე თუ გვიან კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა, რის შედეგადაც ყველა იზარალებს, განსაკუთრებით კი გაჭირვებული, იმედგაცრუებული, სიღარიბისა და შიმშილის ზღვარზე მყოფი მილიონამდე ადამიანი, რომლებიც ბოლოს იმ ერთს მოსთხოვენ პასუხს.